Saturday, December 27, 2008

მევენახეობა და მეღვინეობა





მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაrგებში.

საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჟიშების მრავალფეროვნება, აგრეთვე ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა მეცნიერული გამოკვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარებისა.
კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. იგი იყოფა ორ ზონად: შიდა და გარე კახეთად. კახეთში გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჟაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.
საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები გაშენებულია მდინარეების _ ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.

No comments:

Post a Comment