Saturday, December 27, 2008

ალავერდის საკათედრო ტაძრის ისტორიულ მარანში თითქმის 4-საუკუნოვანი პაუზის შემდეგ ყურძენი დაიწურა


ალავერდის ტაძრის ახლად რესტავრირებული მარანი ერთ-ერთი ეტაპია იმ დიდი პროექტისა, რომელიც ალავერდის მონასტრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას მიზნად ისახავს. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და კომპანია "ბადაგონი".

მარნის რესტავრაცია სწორედ ამ უკანასკნელის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და დღეს იგი საზეიმოდ გაიხსნა "ბადაგონის" ერთი წლისთავის აღსანიშნავად.

ალავერდის ეპარქიის წინამძღოლის ამბა ალავერდელის, მიტროპოლიტის მეუფე დავითის განცხადებით, ეს მარანი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ეთავსება ერთმანეთს ტრადიციული ღვინის წარმოება და თანამედროვე ტექნოლოგია. მეუფემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს ყველა მონასტერში განხორციელდება მონასტრისათვის დამახასიათებელი ტრადიციული საქმიანობა.

წელს ალავერდის მარანში პირველად დაიწურა საფერავის ჯიშის ყურძენი – "ბადაგონის" კუთვნილი ვენახების მოსავალი. დაღვინების პროცესი კომპანიის სპეციალისტების მეთვალყურეობით წარიმართება. მარანში "ბადაგონის" ტექნოლოგებთან ერთად მონასტრის საძმოს წევრებიც იმუშავებენ.

აქ დამზადდება ალავერდის მონასტრის მარნის საეკლესიო ღვინო. მარანში რამდენიმე დარბაზია – ტრადიციული (ანუ ქვევრებიანი) და ევროპული უახლესი დანადგარებით აღჭურვილი. მარანში დაიწურება ღვინო, როგორც ტრადიციული ძველქართული, ასევე ევროპული მეთოდით.

No comments:

Post a Comment