საქართველოში ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. კახეთში რთველი შრომის დღესასწაულია, მოსახლეობა რთველისათვის განსაკუთრებულად ემზადება. ყურძნის კრეფა დილას ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მას ამ მოვლენისადმი სპეციალურად მიძღვნილი ფოლკლორული სიმღერები სდევს თან.
ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა - გოდორი გამოიყენება. რთველი, მეზობლები და ნათესავები, ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ; სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთველის დღესასწაულს განსაკუთრებული მხიარულებით აღნიშნავენ.
კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს.
ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში - მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება; მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება - იქ ღვინდება და ინახება.
ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის გამოიყენება ტყავისაგან დამზადებული ტომრები - ტიკები და რუმბები.
ღვინის სასმისებად სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები გამოიყენება. ტრადიციულად გამოიყენება, აგრეთვე - ყანწი, თხის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებული სასმისი.
მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს - დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება.
მარანი, როგორც წესი საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი. ხშირად ღვინის დაყენებას თან ერთვის მისი დაჭაშნიკებაც, რისთვისაც მარანშივე ვხვდებით სუფრის გასაშლელ ატრიბუტიკას.
ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა; მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ. დღესდღეობით ქვევრში ღვინოს იშვიათად აყენებენ, მას მხოლოდ ღვინის შენახვის ფუნქცია აქვს;
არქეოლოგიური გათხრებისას, ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია - მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.
თითა - სასუფრე ყურძნის ჯიში. გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა რაიონში. განსაკუთრებით ცნობილია "ქართლური თითა", რომელიც შიდა ქართლისა და მესხეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ. ფოთოლი კვერცხისმაგვარი ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვალი გრძელია, თითისებრი მოყვანილობისა (აქედან სახელწოდება). ფერად მომწვანო-მოყვითალოა, მოტკბო-მომჟავო გემო და სუსტი არომატი აქვს. ძლიერ იზრდება, ზოგიერთი რქის სიგრძე 2-3 მ აღწევს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა. მტევნის საშუალო წონაა 151 გ (უდიდესი - 400 გ). მოსავალი ჰექტარზე 56 ც აღწევს. ქართლში მისი მოშენება ძლიერ შემცირდა, პერსპექტიულია მესხეთისათვის.
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაrგებში.
საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჟიშების მრავალფეროვნება, აგრეთვე ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა მეცნიერული გამოკვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარებისა. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. იგი იყოფა ორ ზონად: შიდა და გარე კახეთად. კახეთში გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჟაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა. საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები გაშენებულია მდინარეების _ ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.
სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველოს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”. აზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.
ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები, აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.
ყვარლის რაიონში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავის წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს.
როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი - "პოლონური თაფლი", 1814 წლით თარიღდება.